რუსეთის მიერ უკრაინაზე ყოველი თავდასხმა საკმარისი მიზეზია ახალი სანქციებისთვის, პუტინი უნდა აიძულონ, ომის დასრულებაზე იფიქროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს მაშველები უკრაინის 30-ზე მეტ ქალაქში და სოფელში მუშაობდნენ რუსეთის მასიური დარტყმის შემდეგ. რუსების სამიზნე იყო კიევი და კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერნიგოვის, სუმის, ოდესის, პოლტავას, დნიპროს, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ჩერკასის რეგიონები.

"სამწუხაროდ, არიან მსხვერპლი, მათ შორის ბავშვები. ჩემი სამძიმარი ყველას“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ყოველი ასეთი ტერორისტული დარტყმა საკმარისი მიზეზია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის.

"ასეთი პასიურობა პუტინს ომის გაგრძელებისკენ მხოლოდ ახალისებს. შესაძლოა, მსოფლიო შაბათ-კვირას ისვენებს, მაგრამ ომი გრძელდება, შაბათ-კვირისა და სამუშაო დღეების მიუხედავად. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს. სანქციები ნამდვილად დაეხმარება ომის დასრულებას. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით. პუტინი უნდა აიძულონ იფიქროს არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

25 მაისის ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინას ძლიერი დარტყმა მიაყენა. ოკუპანტებმა 298 დრონი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 45 რაკეტა ჩამოაგდეს და 266 დრონი გაანეიტრალეს.

ეს თავდასხმა უკრაინაში გაშვებულ დრონების რაოდენობით რეკორდული გახდა. მანამდე, 18 მაისის ღამეს რეკორდი 273 დრონი იყო.

თავდასხმის ობიექტი არაერთი რეგიონი იყო, მათ შორის კიევი და რეგიონი. ცნობილია, რომ რუსული თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ჟიტომირის რეგიონში რუსებმა სამი ბავშვი მოკლეს - 8, 12 და 17 წლის. კიდევ 10 ადამიანი დაშავდა.