გერმანია მზადაა, უკრაინისთვის ორი ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა დააფინანსოს, ნორვეგიამ კი - კიდევ ერთი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში, უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი იარაღის საჭირო პაკეტების შეძენის შესაძლებლობა. ამ პაკეტის დეტალები ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ, მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, Patriot-ის სისტემებსა და მათთვის განკუთვნილ რაკეტებზე, ასევე არტილერიასა და სხვა ტიპის იარაღზე, რომლებიც "აძლიერებენ უკრაინის არმიას და თავდაცვისთვის აუცილებელ სისტემებს“.

"პრეზიდენტ ტრამპთან Patriot-ის სისტემებთან დაკავშირებით პოზიტიური დიალოგი გვაქვს. ჩემი მოთხოვნაა 10 Patriot სისტემა და ამ სისტემებისთვის შესაბამისი მოცულობის რაკეტები. გერმანია მზადაა გადაიხადოს, არსებობს შეთანხმებები, ორი სისტემა. ნორვეგია მზადაა გადაიხადოს ერთი სისტემისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინა მწარმოებლისგან და თარიღებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხს მიიღებს, სხვა ევროპელი პარტნიორებიც შემოგვიერთდებიან.

"ეს ზუსტად ამერიკული Patriot-ის სისტემების დაფინანსების ამჟამინდელი სქემაა. ჩვენ უკვე გვაქვს წარმოდგენა, თუ საიდან დაიწყება დაფინანსება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.