უკრაინამ უნდა გააორმაგოს საჰაერო თავდაცვა ზაფხულში. კერძოდ, 9-11 ივლისს ნატოს სამიტზე პარტნიორების მხრიდან შესაბამისი დახმარებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი პუნქტი, რაზეც ახლა ხელისუფლება მუშაობს, არის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, Patriot-ის მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიიდან დღეს ამოქმედდა.

"მადლობას ვუხდი ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, არ განვიხილავთ სად და როგორ იმუშავებს ეს სისტემა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მან დაავალა უკრაინელ ოფიციალურ პირებს საჰაერო თავდაცვის გაორმაგება ზაფხულში. პირველ რიგში, ეს ეხება Patriot, Hawk, Iris-T და სხვა სისტემებს.

"უკვე არის პირველი შედეგი. მე ასევე იმედი მაქვს, რომ ნატოს სამიტი გამოიღებს ძლიერ შედეგებს და როგორც დაგპირდით, ზაფხულში უნდა გავაორმაგოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა", - განაცხადა ზელენსკიმ.