ეს კამპანია, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებს, არის ნამდვილი აპოთეოსი. პირდაპირ კრემლის ქვედანაყოფივით საუბრობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის "ქართული ოცნების" მმართველობის უდიდესი სისუსტე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. 

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როცა "ქართულ ოცნებას" არ უცდია რუსოფობიის  ნარატივის დამკვიდრება.

"ეს არის თვით რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგია და ახლა ამას საქართველოში ახორციელებს საქართველოს ე.წ. ხელისუფლება. რამდენიმე დღის წინ ლავროვმა თქვა, რომ მთელი დასავლური სამყარო ჩვენი მტერი არისო და ამის მიზეზებს კი არ ამბობენ, რატომ ებრძვის დასავლეთი რუსეთს, რატომ არ უყვართ ისინი, იმ მიზეზებს კი არ ამბობენ, რომ ქვეყნებში შეიჭრნენ, ხალხი დახოცეს და ქვეყანას დამოუკიდებლობა გაუუქმეს, არამედ იგონებენ სხვა ნარატივს, მაგალითად, გეტყვიან, რომ გვებრძვიან, რადგან მართლმადიდებლები ვართო და დასავლეთი მართლმადიდებლობას ებრძვისო. ამ რუსოფობიასთან ბრძოლის ნარატივს აგრძელებს ირაკლი კობახიძე. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე, არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როცა მათ არ ეცადათ ამ ნარატივის დამკვიდრება. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირველად როცა მოვიდნენ, იყო ის, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, ჩვენ არ შეგვიძლია არაფერზე გავლენის მოხდენა, რომ არ უნდა გავხდეთ დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობის საგანი - ეს მუდმივად მკვიდრდებოდა, მაგრამ ეს რაც ახლა ხდება, ეს კამპანია, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებს, არის ნამდვილი აპოთეოსი. პირდაპირ კრემლის ქვედანაყოფივით საუბრობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აქ ნამდვილად ვხედავთ ტრაგიკულ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის სახელმწიფო მიზანს, ეროვნულ ამოცანას და ივანიშვილის ხელისუფლების მერკანტილურ მიზანს შორის, რომ შეინარჩუნოს ჩვენი ძარცვის უფლება. ეს გამოჩნდა ახლა კარგად და მე მიმაჩნია, რომ ეს არის "ქართული ოცნების" მმართველობის უდიდესი სისუსტე", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.