ეს არის მოქალაქეების დატყვევების, დაშინების, პროტესტის ჩაკვლის მცდელობა, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კანონებით ძალაუფლების შენარჩუნებას კიდევ უფრო ძალადობრივად ცდილობენ.

"ეს არის მოქალაქეების დატყვევების, დაშინების, პროტესტის ჩაკვლის მცდელობა და ამ გზით ფიქრობს "ოცნება", რომ როგორც იქცევა რუსული რეჟიმი და ბელარუსი საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ფიქრობენ, რომ ამ მხრივ შეაშინებენ. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის მართლაც დამაბრკოლებელი იყოს, მაგრამ მთლიანობაში პროტესტს ვერ მოკლავ, ეს პროტესტს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.

ამ ახალი კანონებით აკეთებენ ყველაფერ იმას, რაც ემსახურება კიდევ უფრო მეტად ძალადობრივი გზებით ძალაუფლების გამყარებას, ამ გზას ადგას ახლა "ოცნება" და ვერ ჩერდება. ისეთი ინერციაა, რომ საკუთარ ტემპსაც ვეღარ აკონტროლებენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დაგეგმილი კანონმდებლობის თანახმად, პირის მიერ ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ასევე მანიფესტაციის წესის დარღვევის ხელმეორედ ჩადენა, ვისაც პირველ ჯერზე ჯარიმა არ გადაუხდია, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.