“ლაშა ცანავას დაკავება პირდაპირ უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე ზეწოლას, "ოცნება" ვერ გამოიყენებს ლაშას პოლიტიკურ თამაშში. დაელოდეთ სასამართლო პროცესს, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ცანავას საქმესთან დაკავშირებით იკვეთება პოლიტიკური მოტივი.

"საქმეს არაიურისტის თვალითაც რომ შეხედოთ უკვე რამდენიმე კითხვა იბადება, პირველი - რატომ დააკავა სუსმა, როდესაც ეს არის საქმე, როდესაც ეს ეხება შსს-ს და ისინი უნდა ყოფილიყვნენ დამკავებლები, მაგრამ ის დააკავა სუსმა, რაც აჩენს უკვე ძალიან დიდ ეჭვებს და მეორე, ძალიან უცნაურად დაემთხვა სუსის პროვოკატორის მიგზავნა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ხაბეიშვილი ამხელს “ოცნებას” და უქმნის მათ ძალიან დიდ პრობლემას და მესამე, ლაშა ცანავა რა მომსახურებასაც ეწევა და მუშაობს, ასე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი. ახლა რომ მიხვიდეთ იუსტიციის სახლთან, ბევრი ასეთი ადამიანი დაგხვდებათ და ის კადრები, რაც სუსმა გაავრცელა, იყო საჯარო კადრები და ცოტა ეჭვი მეპარება ქრთამის აღება ხდებოდეს შუა ქუჩაში ამდენ ადამიანთან, ამიტომაც ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, მნიშვნელოვანია რას იტყვის დღეს ლაშა ცანავა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები ადვოკატისგან და უნდა დაველოდოთ ლაშა ცანავას.

მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ლაშა ცანავას აქვს ჩემი და პარტიის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ლაშა ცანავა არის ძალიან ერთგული ადამიანი, რომელსაც არასდროს არავინ მიუტოვებია და საკუთარი სიცოცხლის ფასად დარბევების, დაკავებების დროს, ადამიანებს როცა ასახიჩრებდნენ, ლაშა ცანავა იყო ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლით ეფარებოდა ამ ადამიანებს. დანარჩენი დაველოდოთ ლაშას, დარწმუნებული ვარ, ბევრი ექნება სათქმელი.

მამუკა მდინარაძის კომენტარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას და ნებისმიერი საქმის შეთხზვას ველოდები ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაშას ამაში ვერ გამოიყენებენ. დაელოდეთ სასამართლო პროცესს, იქნება ძალიან საინტერესო, თუმცა ცალსახად ვამბობ, რომ ეს არის პირდაპირი გზა, რითაც “ოცნება” ცდილობს, რომ ლევან ხაბეიშვილზე იმოქმედოს”, - განაცხადა ანა წითლიძემ.