ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ ვინმესთან ერთად ვიყავი, სადაც დაიგეგმა დამხობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ის პოლიტიკოსია და პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებდა.

“მე პოლიტიკოსი ვარ, მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ჩემთვის, ჩემი მსაჯულები ჩემი შვილები არიან და ის, ვისაც ჩემი სჯერა. პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან ერთად. ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ ვინმესთან ერთად ვიყავი, სადაც დაიგეგმა დამხობა. მე აქციაზე ვიყავი. იყო ადამიანი ვინც ამბობდა, რომ არ უნდა მოხვიდეთ და იყო ის ვისაც სჯეროდა, რომ ქართველ ხალხს რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო. აქ ამოჭრილია, მე არ ვარ ორგანიზატორი. თუ პოლიტიკურ რიტორიკად ითვლება "ოცნების" განცხადებები, ჩვენი რატომ არ ითვლება?! არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, პირდაპირი თუ ირიბი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩართული ვიყავი, ესაა აბსურდი.

მინდა, გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ და დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარი, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა. წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.