სუსის ინტერესი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არ არის. უნდა, ეს აუცილებლად უკავშირდებოდეს რეჟიმის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისევე როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ფიქცია, ასეთივე ფიქციაა, რომ ახლა სუსი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნავს.

"რეალურად, რა მიზანია და რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? - დიახ, ბევრი შესაძლო ვარიანტი შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელიც ერთდროულად შეიძლება არსებობდეს.

ერთი, რა თქმა უნდა, ის, რომ ვინმეზე ჩვენების მიცემას ითხოვდნენ დავითაშვილისგან.

მეორე, რადგანაც შაჰდენისის გაზსადენიდან ახლა გაზს იღებენ ევროპული ქვეყნები, არ გამოვრიცხოთ, რომ ევროპული ქვეყნების მიმართ გარკვეული შანტაჟის მცდელობასაც ჰქონდეს ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომ აი გამოძიება დავიწყე და შესაძლებელია თქვენი გაზმომარაგების საკითხი ჩემ ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულს უკავშირდებოდეს და ამ მხრივ პრობლემები შეექმნათ. რა რაოდენობაც უნდა იყოს [გაზი], რა თქმა უნდა, ეს არასწორი ნაბიჯი იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ამ სიტუაციაში, ასეთი ძალმომრეობითი, ჩვენ კარგად ვხედავთ, იგივე ბაჩიაშვილის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა, როგორი რეჟიმის მარიონეტია ყველა საგამოძიებო უწყება და რა თქმა უნდა კლანური სასამართლო, რომელსაც სასამართლო რთულია რომ უწოდო. ასე, რომ როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილის დაკვეთით ხდება ახლა, ამ ტიპის გამოძიების წარმოება, ეს უბრალოდ ძლიერი პოლიტიკური მესიჯია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისადმი და ამ შემთხვევაში, შეიძლება არც კი ჰქონდეს მნიშვნელობა გაზის მოცულობას, რაც ამ გაზსადენიდან მიეწოდება.

ეს შეიძლება სუსმა სცადოს და გამოიყენოს მათ შორის ევროპული ქვეყნების მორიგ ჯერზე დისკრეტიდაციისთვის ქართული საზოგადოების თვალში.

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კვლავ და კვლავ რეჟიმის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის პოლიტიკურ შიდა გარჩევებს და არ ვიცით რომეო მიქაუტაძე რა ჩვენებებს იძლევა, ახლა დავითაშვილს რა ჩვენებას სთხოვენ და ა.შ..

ბევრ მავნებლობას შეიძლება გეგმავდეს ხელისუფლება ამ ე.წ. გამოძიებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არამც და არამც ეს არ შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების გულწრფელ მცდელობას, რომ რეალურად იზრუნონ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოებაზე იმიტომ, რომ თუკი რამე გააკეთეს გასული 14 წლის განმავლობაში, სწორედ რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულების ზრდა და ბოლომდე ჩამოკიდება იყო, როგორც გაზმომარაგების, ისე ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სუსში გამოკითხვაზე 17 თებერვალს იმყოფებოდა. მასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.