მგონია, რომ აქედან შეიკვრება გუნდი, რომელიც მართლა გუნდი იქნება და თუ ამ გუნდის მიღმა დარჩება "ლელო" ამ ეტაპზე, ან კიდევ ვინმე სხვა, მათთანაც უნდა გვქონდეს თანამშრომლობის დაახლოებით ისეთივე რეჟიმი, როგორიც ამ გუნდის შიგნით, რომ ნდობა გაჩნდეს, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ან ყველა იმარჯვებს, ან ყველა მარცხდება.

"ოპოზიციას რაც შეეხება, ახლა რა პროცესიც მიდის, კარგია, დუღილია და საბოლოო ჯამში, თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს პროცესი დასრულდება ერთი დიდი ერთობის შეკვრით, რომელიც არ იქნება უბრალოდ ფურცელზე არსებული და საჩვენებელი ერთობა, არამედ იქნება ის, რაზეც მე წლებია, ვსაუბრობ - რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანები შეიკვრებიან, როგორც ერთი გუნდი და იმოქმედებენ ისე, როგორც ერთი გუნდი.

კოორდინაცია არსებობს ძალიან დიდი ხანია. კოორდინაცია ჩემს დაჭერამდეც არსებობდა და რიგი მიმართულებებით, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კოორდინაციაც არსებობს, როცა საუბარია გარეთ, ჩვენს მეგობრებთან კოორდინაციაზე, ან თუნდაც აქციის დაორგანიზებაზე. არის მიმართულებები, სადაც კოორდინაცია არსებობს, მაგრამ მე რაზეც ვსაუბრობ და რაც მგონია გამარჯვების ფორმულის საფუძველი, ეს არ არის უბრალოდ კოორდინაცია, ეს არის ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც ერთი გუნდი. მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები, რომლებშიც არსებობს დაკვეთა, რომ უნდა შეიქმნას ერთობა, შეიძლება ამის არტიკულირებას ვერ ახდენდნენ, მაგრამ მათი დაკვეთა არის სწორედ იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებდეთ, როგორც ერთი გუნდი.

იმის თქმა მინდა, რომ დადებითად ვარ განწყობილი. მგონია, რომ აქედან შეიკვრება გუნდი, რომელიც მართლა გუნდი იქნება და არა უბრალოდ კოორდინაციაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები თუ პარტიები და თუ ამ გუნდის მიღმა დარჩება "ლელო" ამ ეტაპზე, ან კიდევ ვინმე სხვა, მათთანაც მგონია, რომ უნდა გვქონდეს თანამშრომლობის დაახლოებით ისეთივე რეჟიმი, როგორიც ამ გუნდის შიგნით, რომ ნდობა გაჩნდეს და საბოლოოდ ყველა ჩავჯდეთ ერთ ნავში და განცდა გვქონდეს, რომ ან ყველა ერთად ვიძირებით, ან ყველა ერთად გავდივართ მოგებაზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.