ახლანდელი ვითარება, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს არის ჩეჩნეთში არსებულ ვითარებასთან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში "კადიროვიზაცია" მიმდინარეობს "ქართული ოცნების" მიერ.

"ახლანდელი ვითარება, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს არის ჩეჩნეთში არსებულ ვითარებასთან. როდესაც ფაზებზეა საუბარი, მე მგონია, რომ ესენი არიან ისეთ ფაზაში, როდესაც უკვე თავხედურად აღარ მალავენ, რომ უკვე ყველაფერი მათ ხელში და მათსავე ჯიბეშია. ბევრი რაღაცები, რაც მათთვის წლების წინ შეიძლება პოლიტიკურად დამაზიანებელი ყოფილიყო, ამის გამო შეიძლებოდა, რომ უკან დაეხიათ, ახლა კი პირიქით, გვაჩვენებდნენ თავხედურად, რომ ყველაფრის სათავეში არიან. თუნდაც იმის დემონსტრირება, რომ აღარ მალავენ სახლებში შენახულ ოქროს ზოდებს, ორასი ათასიან მანქანებს და ასე შემდეგ, ამას უკვე თავხედურად აკეთებენ. ყველამ ვიცით, რომ პარლამენტში ათობით მილიონერია და ისიც ყველამ ვიცით, რომ ისინი იქ მხოლოდ იმის გამო არიან, რომ ტენდერებს "მოაჯდნენ", საიდანაც ფულს წაიღებენ, ან რეგიონში მიიღონ საბადოზე ან რამის მოპოვებაზე ლიცენზია და აქედან აკეთონ ფული.  

ახლა მათ მსგავსი რამეები აღარ ადარდებთ, როგორც ჩეჩნეთშია კადიროვის კლანი, ისეა აქაც და გვეუბნებიან, რომ კი, ამისთვის არიან პარლამენტში, აბა, კანონებს ხომ არ დაწერენ. იმისათვის არიან, რომ ძალაუფლება და ფული იშოვონ. იმის თქმა მინდა, რომ ფულს იპარავენ და ამას აღარ მალავენ.

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აღარ დარჩა დემოკრატიის ნასახი და გვეუბნებიან, რომ არ შეელახებათ მათ რეპუტაცია და თუ შეელახებათ ამის გამო, შეიძლება დემოკრატია დაკარგოს იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. მე ამას ვეძახი კადიროვიზაციას, მაგრამ არის რაღაცები, რაც განგვასხვავებს ყველასგან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.