ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც შეხვედრები ხდება, იმ პერიოდში ამიტომ ვერ მოხერხდა მათი განცხადებით ამ პაემნის ჩანიშვნა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის გაეცნო ყველა დეტალს ირაკლი ღარიბაშვილის პირობებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ განცხადებებზე კი არ უსაუბრიათ.

"ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის, ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ა.შ. ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. რაც შეეხება იმ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც ვიყავი შესული, ანუ პაემანთან დაკავშირებით, დიახ, ბატონ ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, მესამე, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. თუმცა, ამის შესახებ დამატებით დოკუმენტაციას ან წერილობით მიმართვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ეს პაემანი წარმოადგენს ციხის დისკრეციას, ციხის დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას. ბატონი ირაკლის განცხადებით, იყო ასეთი დაპირება, თუმცა, ის შემდეგ შეიცვალა. 

ასევე, ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც, მოვისმინე მათი პოზიციაც. მათ რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება უარყოფითი, რა თქმა უნდა, არ აქვთ პატიმრის მიმართ.

რაც შეეხება იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა ამ პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც შეხვედრები ხდება, იმ პერიოდში ამიტომ ვერ მოხერხდა მათი განცხადებით ამ პაემნის ჩანიშვნა.

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.