შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის ბოლო აქტი ბრიტანეთის მხრიდან. ეს დაბარება, გაფრთხილება სანახევროდ არ შემოიფარგლება და მოჰყვება გაგრძელება, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებმა შეიძლება ნებისმიერ ბიზნესს მიაყენოს ძალიან მძიმე შედეგი.

"ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენისთვის და ბატონი ბიძინა სწორედ ასეთად ითვლება, შეუზღუდავი საფინანსო საქმიანობა გლობალურ მასშტაბში არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ აწარმოო წარმატებული ბიზნესი, ამდენად, ბრიტანული იურისდიქცია, რომელიც არის ერთი კონკრეტული გეოგრაფია, მაგრამ თავისი შედეგებით სანქციებმა შეიძლება ნებისმიერ ბიზნესს მიაყენოს ძალიან მძიმე შედეგი, ნორმალური, საღი ბიზნესისთვის არის ანგარიშგასაწევი. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, ამაზე, რა თქმა უნდა, ამ მომენტში საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ეს დაბარება, გაფრთხილება სანახევროდ არ შემოიფარგლება და მოჰყვება გაგრძელება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის ბოლო აქტი ბრიტანეთის მხრიდან", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.