ბრიტანეთი არასდროს ყოფილა ურთიერთობების გაფუჭების არც ინიციატორი და არც მიზეზი. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის ცალმხრივად მხოლოდ "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორმალურად, ერთი ქვეყნის საგარეო უწყება იბარებს საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პროტესტის გამოსათქმელად წარდგინებისთვის.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორმალურად, ერთი ქვეყნის საგარეო უწყება იბარებს საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პროტესტის გამოსათქმელად წარდგინებისთვის. 
  
ბრიტანეთი არასდროს ყოფილა ურთიერთობების გაფუჭების არც ინიციატორი და არც მიზეზი. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს არის სრული ჩამოშლა, კატასტროფა ორმხრივ ურთიერთობებში, არის ცალმხრივად მხოლოდ "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით.

საბოლოო არის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა - არ მგონია, აქამდე მივიდეს საქმე, მაგრამ, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ბრალს დებს დანაშაულში, შეთქმულებაში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მით უმეტეს, ამ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს ადეკვატური ზომები.

ლოგიკური იქნებოდა, თუ ბრიტანეთი უფრო სერიოზულ სანქციებს მიიღებდა და მათ შორის უფრო სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების მიმართ და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.