დღეს მიმდინარეობს სერიოზული გადალაგება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და ის, თუ სად და როგორ მოვხვდებით ამ პროცესში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს.

“გეოპოლიტიკურად რომ შევხედოთ, ძალიან საინტერესო და გადამწყვეტი დროა ჩვენთვის. დღეს მიმდინარეობს სერიოზული გადალაგება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და ის, თუ სად და როგორ მოვხვდებით ამ პროცესში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

სამწუხაროდ, ვიდრე შიდა მდგომარეობა არ შეიცვლება, არაფერი შეიცვლება. ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, რომელიც ახლა გაიხსნა, ივანიშვილის რეჟიმს უნდა საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად გამოიყენოს და არა ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს კი არის ნამდვილი ტრაგედია, რადგან არსებობს რეალური რისკი, რომ ეს ფანჯარა დაიკეტოს და ჩვენ კვლავ გარეთ დავრჩეთ. სამწუხაროა, თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილი, ოღონდ სიფრთხილე არ უნდა ნიშნავდეს ეროვნული ინტერესების ჩაბარებას და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის უარყოფას.

"ქართული ოცნების" ქმედება სიფრთხილე არ იყო, ეს იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდზე გადაწევა და რუსეთის სასარგებლოდ მოქმედება.

ვფიქრობ, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, საქართველო არ უნდა შეერთებოდა ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რაც მისაღები და რაციონალურია იმ თვალსაზრისით, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ეკონომიკა და მოსახლეობა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ არც ეს გააკეთა, არ შეუერთდა სანქციებს, უკრაინის წინააღმდეგ პოზიციონირება დაიწყო, ევროკავშირთან და ამერიკასთან კონფლიქტები გაამწვავა, ქვეყანა კი დემოკრატიის რღვევისკენ მიჰყავთ.

დღეს საქართველო, როგორც არასდროს, სუსტია რუსეთთან მიმართებაში, პრაქტიკულად, კმაყოფაზე ვართ დარჩენილები რუსეთის.

შესაძლებელია არსებობდეს შუალედური პოზიცია, პოზიცია, რომელიც შენს ინტერესებს იცავს და ამავდროულად გაქვს პარტნიორების მხარდაჭერა, გაძლიერება და ამ ფონზე დიალოგიც რუსეთთან. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ აირჩია უკიდურესი პოლუსი, რაც ქვეყანას ასუსტებს და მომავლის პერსპექტივას ანგრევს", - განაცხადა კაპანაძემ.