ჭიათურელი მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მათ აფრთხილებენ, რომ თუ ახალი მენეჯმენტის პირობებს არ დათანხმდებიან, საერთოდ სამსახურების გარეშე დარჩებიან. 

ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან იყო მისული, თუმცა ის ადგილიდან გააძევეს.

მათი თქმით, ჭიათურაში მიდის მათთვის უცხო პიროვნება და თითის ქნევით ესაუბრება გაფიცულ მაღაროელებს.

"ჯერ არ შემოსულა და თითებს იქნევს. ცდილობს, რომ მონობას შეგვაჩვიოს. მოდის ვინმე ჩვენთვის უცნობი პიროვნება და გვეუბნება -  ტყიბულში დაალაგა სიტუაცია და პასუხისმგებელი ვარ, დავალაგებ ყველაფერსო. 
მეტი პასუხისმგებლობა თუ არავის გააჩნია ამ ქვეყანაში და მეტ ყურადღებას თუ არ ვიმსახურებთ ჩვენ, ვიღაცა უცხო მოდიოდეს და აქ თითებს გვიქნევდეს... ხელისუფლებას ვეკითხები - რას აპირებთ, რას გეგმავთ და როგორ გგონიათ, როდემდე ვიქნებით ასე შემწყნარებლები და როდემდე გადაგისვამთ ხელს თავზე?!", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

კიდევ ერთი მაღაროელის თქმით კი, ტყიბულელი მეშახტეები დაამონეს და იგივე სურთ ჭიათურაშიც.

"რაც თქვენ ტყიბულელებს გაუკეთეთ ამ წლების განმავლობაში, ტყიბულელი მეშახტეები რომ დაამონეთ, შეაშინეთ. ერთ ადამიანს არ უჩნდება ბრძოლის სურვილი იმდენად გაათითოკაცეთ. ზუსტად ამაში ხართ პროფესიონალები. ეგ გინდათ ჭიათურაშიც რომ გაატაროთ, ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით. პირიქით, აქ ჩამოხვალთ და აქავე დაგამტვრევთ რქებს", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, "ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს".

"რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა - გადამაგრებითი სამუშაოები. კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია, პარალიზებულია. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებში, საიდანაც კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა – ამ მოცულობის დანაკარგი პირდაპირ აზიანებს როგორც კომპანიას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონს. მოვუწოდებთ ადგილობრივ ჯგუფებს, შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას", - აღნიშნულია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს “ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.