რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

გალუზინის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები "სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია".

"რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა ჩვენმა, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია, მას შემდეგ რაც ამ რეჟიმმა სცადა აგრესია მოეხდინა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამის გამო ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს და თავად ისიც უამრავ კრიტიკას ექვემდებარება.

გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. მე როგორც მესმის, ასეთივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართ. ეს რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია.

ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება.

მაგრამ, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.

საქართველოსთვის რუსეთი მრავალი მიმართულებით საკვანძო ბაზრად რჩება, კერძოდ, ღვინის პროდუქტებისა და ხილის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია", - განაცხადა გალუზინმა.