აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, ოღონდ ცოტა პური გვაკლია ხოლმე მაგ დროს, მაგრამ სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგა ამ ორმა პარტიამ, ეს იყო "ქართული ოცნება" და ეს იყო გახარიას პარტია და აი, გვაყურებინეს ამ სანახაობას, - ამის შესახებ 20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.  

"რა თქმა უნდა, ახალი არაფერი არ იყო საერთოდ ნათქვამი, ეს არის ქალი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა ჩვენი, დაზარალებულების სახელები და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა, 20 ივნისის ერთი დაზარალებულის სახელიც კი არ იცის და არ იცის, დანარჩენებს ვის რა სჭირს და ვინ რა დაზიანება მიიღო.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც, ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე, რომელიც ჩაატარეს 6 წლის უკან... ძალიან დიდი დრო არის გასული რეალურად, მაშინ 19 წლის ვხდებოდი, ახლა ვხდები 25 წლის, 6 წელია გასული ... და მუდმივად ვართ აი ამ დაპირისპირებაში, ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას, ყოველთვის ეგ არის.

ერთადერთი, რატომაც იყო გუშინდელი კომისიის სხდომა კარგი, რომ იცოდნენ, თუნდაც დღეს ვინც არიან "ქართული ოცნების" წევრები, მაშინ გახარია ხომ ჰყავდათ პრემიერი და საუკეთესო კრიზისმენეჯერი იყო და საუკეთესო პრემიერი იყო და საუკეთესო მინისტრი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, გუშინ ამ ადამიანს ასამართლებდნენ კომისიაზე, ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა და მოუწევს ოღონდ, დარწმუნებული ვარ, სამართლიან გარემოში და სამართლიან სასამართლოში. თუნდაც ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ მომიწევს დიდხანს ყოფნა აი ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ ვთქვათ, იქ სტრასბურგია, ვთქვათ, ის ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს და ვიცი, რომ ჩემი რაღაც წილი ბრძოლა არ უნდა გავაჩერო, ვიცი, რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება ნებისმიერი ადამიანისთვის", - განაცხადა გომურმა "ფორმულას" ეთერში.