არც ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ ოდნავ ავღელდი ან რაღაც ნერვებმა შემაწუხა. აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, რომელიც დაგვიდგეს "ოცნებამ" და გახარიას პარტიამ, - ამის შესახებ 2019 წლის 20 ივნისის დაზარალებულმა მაკო გომურმა საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ახალი საერთოდ არაფერი უთქვამთ.

"ეს არის ქალი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა დაზარალებულების სახელები და დარწმუნებული ვარ, ჩემ გარდა ერთი დაზარალებულის სახელიც არ იცის და არ იცის, დანარჩენებს რა სჭირთ და ვინ რა დაზიანება მიიღო.

სიმართლე გითხრათ, არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას. ეს იყო ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე.

რამდენი დროა გასული და მუდმივად ვართ ამ დაპირისპირებაში, რომ ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას. ერთადერთი კარგი, რატომაც ეს სხდომა ჩატარდა, რომ "ქართული ოცნების“ წევრებმა იცოდნენ, მაშინ გახარია ხომ ჰყავდათ საუკეთესო პრემიერი და საუკეთესო კრიზისმენეჯერი და შს მინისტრი, ამ ადამიანს ასამართლებდნენ და ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა და დარწმუნებული ვარ, მოუწევთ სამართლიან გარემოში და სასამართლოში.

თუნდაც ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ, მომიწევს დიდხანს ყოფნა, ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ ვთქვათ იქ სტრასბურგია, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს და ვიცი, რომ ჩემი წილი ბრძოლა არ უნდა გავაჩერო. ვიცი, რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება ნებისმიერი ადამიანისთვის, იქნება ეს გახარია, იქნება შემდეგ გომელაური, იქნება წულუკიანი, ივანიშვილი თუ ვინც უნდა იყოს.

6 წლის განმავლობაში წულუკიანს რომ ახლა ასტკივდა ვითომ მაკო გომურის თვალი, ხომ ყველამ ვიცით, რომ ესაა სრული სისულელე. გახარია გადადგა 2021 წლის 18 თებერვალს. 2021 წლის დეკემბერში მე შევიტანე პირველად სარჩელი სასამართლოში, განხილვა გრძელდებოდა 4 წელი. წელს მოხდა ისე, რომ დასრულდა ჩემი სასამართლო პროცესი. ეს ხომ არავის ბრალია, გარდა სასამართლო სისტემის, რომელიც ჩაგრავს ადამიანებს.

6 წელია გასული და იმდენად რთული აღარაა პირადად ჩემთვის 20 ივნისის დღე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან დღედ დარჩება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებისკენ უნდა გვეჭიროს თვალი და გეზი უნდა გვქონდეს სხვა რაღაცებისკენ მიმართული, თუნდაც პროტესტი და ეს რაღაცები რაც ხდება დღეს, უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.

არავის დასწყდეს გული იმის გამო, რომ შეიძლება იმდენი ადამიანი აღარ გამოდის დღეს პროტესტზე, რაც დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ მივიღეთ ერთიანი ხაზი, რასაც უნდა გავყვეთ და ვიცით, რომ ამას უნდა მივდიოთ.

დასასრულს, მინდა რეჟიმის ტყვეებს მივმართო, არ ვიცი, მგონია, რომ ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვისაც კარგად მესმის თქვენი. ერთადერთი მინდა გამძლეობა გისურვოთ და იცოდეთ, რომ ჩემი სახით არის ერთი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, ყოველ საათს ფიქრობს იმ გამოსავალზე, როგორ გამოგიყვანოთ ციხიდან და როგორ გიხსნათ მაგ გისოსებიდან“, – განაცხადა გომურმა "ფორმულას" ეთერში.