გარდა იმისა, რომ მშვიდობის ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გაჩნდა ამ ჩვენს ორ მეზობელს შორის, გაჩნდა ამერიკის ეკონომიკური ინტერესი ამ რეგიონში, ეს რეგიონის მეორე დაბადებაა, -  ამის შესახებ დიპლომატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ რეგიონის დაინტერესებამ გააჩინა საქართველო ეკონომიკური კუთხით მსოფლიოს რუკაზე.

"ეს შეთანხმება იქნება, სავარაუდოდ, ისტორიული მნიშვნელობის. აზერბაიჯანი და სომხეთი ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან მას მერე, რაც ალიევმა ყარაბაღის პრობლემა მოაგვარა, მაგრამ შეთანხმებამდე ჯერ კიდევ არ იყვნენ მისული. იყო საკითხები, რომლის მოგვარების გარეშეც შეთანხმება ვერ მიიღწეოდა. ეს იყო საკითხები, რომელიც ეხებოდა, პირველ რიგში, სამშვიდობო შეთანხმებას და მეორე - სატრანზიტო პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას -  ე.წ. ზანგეზურის თუ სიუნიქის კორიდორს.

მას მერე, რაც ორ ქვეყანას - რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გაფუჭდა და ალიევმა დაინახა, რომ მას რუსეთი არაფერში აღარ სჭირდებოდა, მას მერე, რაც თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობიდან და სამხედრო დახმარებიდან გამომდინარე ჩააცემენტა ახალი სტატუს-კვო, რაც ნიშნავს, რომ ყარაბაღი არის უკვე აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი და დაინახა, რომ მშვიდობის დასამყარებლად ფაშინიანი ბევრ რაღაცაზე მიდის, მათ გადაწყვიტეს, რომ აქ შემოიყვანონ ახალი აქტორი. აქ არავის არ უნდა ეგონოს, რომ ეს შეთანხმება არის ერთი კვირის და სამი დღის ამბავი, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამაზე მოლაპარაკებები ბოლო ექვსი თვე მიმდინარეობდა. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისიდან მოყოლებული ამაზე მიდის მუშაობა. 

რაც შეეხება იმას, თუ რატომაა ისტორიული - გარდა იმისა, რომ მშვიდობის ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გაჩნდა ამ ჩვენს ორ მეზობელს შორის, გაჩნდა ამერიკის ეკონომიკური ინტერესი ამ რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას უნდა ესმოდეს, საქართველოს როლის გაზრდა რამ გამოიწვია ბოლო 30 წელში - პირველ რიგში, გამოიწვია სატრანზიტო პოტენციალის გაზრდამ. ამის შემდეგ გავჩნდით ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ მსოფლიო რუკაზე და ახლა ზუსტად ისეთივე შესაძლებლობა უჩნდება რეგიონს მეორედ, ჩემი აზრით, ეს მეორე დაბადებაა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს.

ტრამპის თქმით, "ამერიკის შეერთებული შტატები ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი".