დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკანასკნელი არ არის, აბსოლუტურად ლოგიკურია სხვა შემდგომი გადაწყვეტილებების მოლოდინი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ აფასებენ ამ ვითარებას ბიზნესის წარმომადგენლები.

"რა თქმა უნდა, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკანასკნელი არ არის, აბსოლუტურად ლოგიკურია სხვა შემდგომი გადაწყვეტილებების მოლოდინი. რამდენადაც მზარდიც არ უნდა იყოს სანქციების წნეხი ბატონი ივანიშვილის მიმართ, ჩემთვის, გაცილებით პრინციპულია, როგორ აფასებს ამ ვითარებას მისი უშუალო გარემოცვა.  

რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ხელწერაში ბატონი ივანიშვილის მხრიდან ალბათ, არ უნდა ველოდებოდე, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. 

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, კრიტიკული და პრინციპული ჩემთვის არის კითხვა გარემოცვისადმი,  მეტწილად იმ ქართული ბიზნესებისადმი, რომლებსაც დღესაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვიტავთ როგორი დასასრული ურჩევნიათ მათ ბიზნესსაქმიანობაში,  წარმატებული ბიზნესსაქმიანობის კუთხით მათი გაგებით - ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის მიმართ თუ უცხოეთიდან გამოცხადებული სანქციების შედეგად?", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.