ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან "დიპლომატიური ურთიერთობების" გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა.

"ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან "დიპლომატიური ურთიერთობების" გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება. არაღიარების პოლიტიკა ამდენი ხანი ამერიკელების და ევროპელების დახმარებით არის წარმატებული. ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა, ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა რომ შევინარჩუნოთ, რასაც რუსეთი და ივანიშვილის ოჯახი გვართმევს.

ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება. სადღაა ქართული დიპლომატია, რუსეთის მიდ-ის ქვეგანყოფილებად არის ქცეული ბოჭორიშვილის დაბალი მოდის კანტორა“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.