შეიძლება იყო ძალის გადამეტება, მიტინგი ისე არ უნდა დაშლილიყო, როგორც დაიშალა, მაგრამ გავიხსენოთ იმის მერე „ქოცების“ რეჟიმის პირობებში 2012 წლიდან მოყოლებული, თუნდაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რამდენი მიტინგი დაშალეს, ამაზე რამე საქმე აღიძრა?, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნოემბრის აქციები რუსული რეჟიმის მხრიდან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ერთ-ერთი პირველი შემოტევა იყო.

"20 წლის წინანდელი მიტინგის დაშლის საქმეზე პოლიტიკური ბრალი აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად რამდენიმე პირს. ეს საქმე დღემდე იწელება იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და ამით საკუთარ მხარდამჭერებს თუ ამომრჩევლებს უთხრას „აი, ჩვენ შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის".

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი, ალბათ, პირველი შემოტევა რუსული რეჟიმის მხრიდან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, როდესაც მათ არ მოეწონათ, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება, საქართველო დემოკრატიული ხდება, საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის და მაშინ გამოაგორეს თავისი პირველი რესურსები და ამის შედეგად გაიმართა ნოემბრის ის მიტინგები, რომელზეც დღეს საქმეა აღძრული.

რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყო ძალის გადამეტება, მიტინგი ისე არ უნდა დაშლილიყო, როგორც დაიშალა, მაგრამ გავიხსენოთ იმის მერე „ქოცების“ რეჟიმის პირობებში 2012 წლიდან მოყოლებული, თუნდაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რამდენი მიტინგი დაშალეს, რამდენი ადამიანი დაარბიეს, რამდენს თავ-პირი დაამტვრიეს, რამდენი გაიტაცეს და ცალკე, სადღაც მოყუჩებულად სცემეს და დაასისხლიანეს და ამაზე რამე საქმე აღიძრა?!", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.