უკრაინასთან მიმართებით არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ ელიტაში, რომ უკრაინის მხარდაჭერა არის აუცილებელი არა იმიტომ, რომ პოლონელებს უკრაინელები უყვართ, არამედ რუსეთთან მიმართებაში უკრაინის მხარდაჭერა სჭირდებათ, - ამის შესახებ იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორმა გრიგოლ ჯულუხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა ზელენსკისა და ნავროცკის შორის იმიტომ, რომ მათთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგობა.

"პოლონეთი არის სახელმწიფო ყველაზე მზარდი ეკონომიკით, ევროპაში ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებლით, დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთსა და გერმანიაზე უფრო დიდი შეიარაღებული ძალებით, მაგრამ ამის მიუხედავად, არჩევნებზე მივიდა მოსახლეობის 73%, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნის მაღალ პოლიტიკურ კულტურას. 

რაც შეეხება კაროლ ნავროცკის, იგი აქტიურად უჭერს მხარს ნატოს აქტიურ ჩართულობას რეგიონში, ვერ ვიტყვი, რომ ის არის ანტიევროკავშირული პოზიციის პოლიტიკოსი და ამასთანავე, ეს არის კაცი, რომელიც ძებნილია რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის დეკომუნიზაციის გამო. აქედან გამომდინარე, პოლონეთში არანაირი ფუნდამენტური სახის ცვლილება არ იქნება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, უბრალოდ ვიცხოვრებთ კოჰაბიტაციის რეჟიმში, როდესაც გვყავს პრეზიდენტი ერთ პოლიტიკური ფლანგიდან და მთავრობა - მეორიდან. 

უკრაინასთან მიმართებით არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ ელიტაში, რომ უკრაინის მხარდაჭერა არის აუცილებელი არა იმიტომ, რომ უკრაინელები უყვართ, არამედ რუსეთთან მიმართებაში უკრაინის მხარდაჭერა სჭირდებათ. ამასთან ერთად, გაიზრდება ის პოლარიზაცია, რომელიც პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ათი წელია, ძალიან მძაფრად იგრძნობა.

უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა ზელენსკისა და ნავროცკის შორის იმიტომ, რომ მათთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგობა და წინააღმდეგობის გაძლიერება, შესაბამისად, პოლიტიკური თამაშები და პოლიტიკური მანიპულაციები, რაც ჰქონდა ნავროცკის ოპოზიციაში ყოფნის დროს, მეორე რიგზე გადაიწევს, რადგან ის კარგად აცნობიერებს, რომ განსხვავებულ რეალობასა და როლშია, სადაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმ ხაზის გაყოლა, რასაც მისი მხარდამჭერი პარტია აქტიურად მიჰყვებოდა 2022 წლიდან ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღემდე, აქედან გამომდინარე, არ იქნება არანაირი დრამატული ცვლილება უკრაინასთან მიმართებით, პირიქით, პოლონეთი გააგრძელებს თავდაცვის ძალების მოდერნიზებას. 

რაც შეეხება საქართველოს, ძალიან რთულია მოგვარების გზებზე ვისაუბროთ იმიტომ, რომ ფაქტობრივად, საქართველოში პოლიტიკური პროცესი ბლოკირებულია განსაკუთრებული მიზეზების გამო. დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან კონფრონტაციულია დასავლეთთან მიმართებით და ე.წ. შეთქმულების თეორიების ნარატივებით ოპერირებს, ამ პირობებში, ძალიან რთულია ვისაუბროთ პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე, ამის უტყუარი დასტური გახლავთ ის, რომ მაღალი რანგის ვიზიტები აღარ არის პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და პირიქით. ნუ გვექნება ეიფორიული იმედები უახლოეს მომავალში იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით არ გაუმჯობესდება საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები", - განაცხადა გრიგოლ ჯულუხიძემ "ფორმულას" ეთერში. 

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 50,89%-ით კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.