დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხის და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

"გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.

დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“, – წერს თეა წულუკიანი.

"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტებს - ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც დეპუტატი დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს, ძირს რუსეთის მონები".