ანგარიშის მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:
გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო; მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია; სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ოცნების“ პროპაგანდა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ღიად თუ ნახევრად ღიად მსურველები, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აცხადებენ, თითქოს ანგარიში პროდასავლურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ტყუილი ამბავია, მეგობრებო. სინამდვილეში, ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:

გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო;

მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია;

სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა;

შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთიანობის შანსი, სრულიად ვეთანხმები. ოღონდ ეს სრული ბოიკოტის გამოცხადებაში და არმონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე ზემოთქმული პირობები არ დაკმაყოფილდება. ამას დამატებული ჩვენი მყარი გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.

არც ერთი ეს პირობა ამჟამად შესრულებული არ არის, პირიქით, საარჩევნო გარემო გაუარესდა.

აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არც თუ სინდისიერ წამკითხველს და ინგლისურიდან მთარგმნელს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მისცემოდა.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის თაობაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია ამ საკითხში სრულიად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში.
წერტილი", - წერს გვარამია.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პრესრელიზში აღნიშნავს, რომ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები საქართველოს "დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი გამოცდაა".

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, "გამოიყენოს ეს შესაძლებლობა", რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება დააფიქსიროს თავისი პროევროპული მისწრაფება.