ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თავზე გვაშარდავენ, ამავდროულად, ჩვენი ისტორიულად მეზობელი სახელმწიფოს ელჩი საკმაოდ უცნაურ "პოსტს" დებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ირანთან საგარეო პოლიტიკური კავშირი აქვს, მაგრამ ეს ქმედებებში მეორე მხრიდან არ ჩანს.

"ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თავზე გვაშარდავენ, ამავდროულად ჩვენი ისტორიულად მეზობელი სახელმწიფოს ელჩი საკმაოდ უცნაურ "პოსტს" დებს. "ქართული ოცნება" ბოლო წლები სულ გვეუბნება, რომ აქვს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომ ის ყველასთან ალაგებს ურთიერთობებს, თუმცა თუ შევხედავთ კონკრეტული ქვეყნებისა და გაერთიანებების მაგალითს, ვნახავთ, რომ რამე კი არ არის დალაგებული, არამედ, რაც დალაგებული იყო, ისიც არეულია.

იცით, რომ ევროკავშირთან გაწევრიანება კი არა, ურთიერთობები არის მინიმალურ დონეზე დასული, ამაზე მინიმალურ დონეზე არ ვიცი, რა უნდა ხდებოდეს. საქართველო რჩება კანდიდატად მხოლოდ ფურცელზე. აშშ-სთან ძალიან ცდილობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე ურთიერთობები მოახერხონ, მაგრამ არ გამოსდით. აშშ-სთანაც არაფერი გამოსდით. 

დიდი ხანი გვეუბნებოდნენ, რომ ჩინეთი არის ახალი სტრატეგიული პარტნიორი და მართვის ჩინური მოდელი შეიძლება იყოს მართვის იმ მოდელის ალტერნატივა, რაც მანამდე არსებობდა საქართველოში.

ჩინეთიც გამქრალია საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთს არ აინტერესებს იზოლირებული და გამოკეტილი საქართველო, ჩინეთის ინტერესი იქნება საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იქნება გახსნილი. 

ირანით რომ დავასრულოთ, ირანთან ორჯერ ჩავიდნენ დაკრძალვაზე, ერთხელ ინაუგურაციაზე, ყველაფერი გააკეთეს, ირანის ელჩის "პოსტებზე" "ტროლ-ბოტობა" იყო შესეული დასახმარებლად და მიუხედავად, ამისა, დღეს მაინც მოუწიათ ხმის ამოღება. მაშინ, მითხარით, ვისთან აქვთ დალაგებული ურთიერთობა?! თურქეთთან აქვთ რამე დალაგებული? ეს არის შედეგი დამნაშავეობრივი საგარეო საქმეთა პოლიტიკის, რომელსაც დიდი ხანია, აწარმოებენ.

ჩვენ ვიცით ირანთან თანაცხოვრების მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ისტორია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. როცა ირანს სახავ როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ალტერნატივას, მეორე მხრიდანაც უნდა გვქონდეს მოლოდინები და ხედვები. შესაძლებელია, ეს იმიტომ გააკეთა ირანის ელჩმა, რომ არის წნეხი "ქართულ ოცნებაზე", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.