უბრალოდ, უხერხულია "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მათთვის პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, როდესაც ევროკავშირზე ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი ხდება, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აბსოლუტური ნონსენსია ამაზე სერიოზულად საუბარი.

"უბრალოდ, უხერხულია "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მათთვის პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, როდესაც ევროკავშირზე ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი ხდება. აბსოლუტური ნონსენსია ამაზე სერიოზულად საუბარი, თითქოს მათ შეიძლება ევროკავშირთან მიმართებით რაიმე ჩანაფიქრი ჰქონდეთ.

რუსეთთან მიმართებით რაღაც უცნაური განცხადებები გაჟღერდა, თითქოს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ჩვენ მაინც კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთანო. მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ვინმეს ტერიტორიები დაებრუნებინოს, თუ მეორე მხარე ეგუება ამას. მშვიდობაზე და ომის დაწყებაზე არ არის საუბარი, მაგრამ შენ თუ ჩაეხუტე და კარგი ურთიერთობები განავითარე რუსეთთან, ისინი ხომ იფიქრებენ, რომ ესენი არ დარდობენ  და მაინცდამაინც არ აწუხებთ, რომ ჩვენ წავართვით ტერიტორიის 20%-იო და რატომ უნდა დაგვიბრუნონ. ეს არის პოსტსიმართლის ეპოქაში გაკეთებული დასკვნები", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე  განაცხადა, "მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედია, რეგიონში მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაცია ინტენსიურად განხორციელდება".