"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია ყველაზე გადამწყვეტ მომენტში.

ფარულავას თქმით, 2024 წელს ოპოზიციის დასუსტებაში მძიმე როლი შეასრულა ნიკა გილაურმა.

"პოლიტიკური პატიმრების ოჯახები, მათი მშობლები როდესაც მოგვიწოდებენ ერთიანობისკენ, ჩვენთვის ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ის, რაც 2024 წელს მოხდა, არის არა მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა, არამედ, ფაქტობრივად, ამან მიგვიყვანა ივანიშვილის გაძლიერებამდე და დემოკრატიული ოპოზიციის დასუსტებამდე. ეს ყველამ გაიგო, ყველამ მოისმინა, ამაში კონკრეტული მძიმე როლი შეასრულა ნიკა გილაურმა. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემის გაგრძელებას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვისი პასუხისმგებლობა იყო, რომ ოპოზიცია ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვერ გაერთიანდა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ფარულავას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დასმული კითხვების ადრესატი იყო ნიკა გილაური, თუმცა, გილაურის ნაცვლად, საუბრობდა გვარამია.

„ჩვენი მხრიდან დაისვა კითხვა ნიკა გილაურთან დაკავშირებით, თავად ნიკა გილაურმა უნდა ისაუბროს ამაზე. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შედგეს, მათ შორის ივანიშვილის მიმართ წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამისთვის საერთო ბრძოლაში, როგორც ყოველთვის, ჩვენ შევიტანთ ჩვენს რესურსებს, არა მარტო რესურსს, არამედ ვიბრძოლებ ბოლომდე, გამარჯვებამდე. თუმცა კითხვა დასმულია და ამას ჰყავს კონკრეტული ადრესატი და ადრესატმა უნდა უპასუხოს. ადრესატი იყო ნიკა გილაური, მაგრამ, გილაურის ნაცვლად, გვპასუხობდა გვარამია. ეს თემა ჩვენთვის დახურულია, საზოგადოებამ ყველაფერი იცის“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფარულავა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნიკა გვარამიას ბრალდებები ცილისწამებაა.

„საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის. ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილის ჩრდილოვანი ხელი, რომელიც აფათურებდა, რათა მიეღწია ოპოზიციის დაშლისთვის, დანაწევრებისთვის. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა პრინციპების გარშემო და გავაგრძელებთ ამ პრინციპებზე, ღირებულებებზე ერთობას ჩვენს საზოგადოებასთან. ერთიანობა პრინციპების, ღირებულების გარშემო არის საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ, როგორც სახალხო პარტია, მზად ვართ, ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველასთან, ვისაც სურს ბრძოლა და არა საბანკო ოლიგარქიის ფული.

ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება და ამბობს, რომ არავის არ დაუჯდება დებატებზე. ჩვენ კითხვა დავსვით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს, საბანკო ოლიგარქია ყვლეფს ჩვენს თანამოქალაქეებს და ამას აკეთებს ივანიშვილი, ვინაიდან მას აქვს ჩრდილოვანი გარიგება საბანკო მაფიასთან და კი, საბანკო მაფიის ფული გაუმჭვირვალედ არ უნდა შემოდიოდეს პოლიტიკურ პარტიებში. ამასთან დაკავშირებით დავსვით შეკითხვა. უფრო მეტი შეგვიძლია ვთქვათ დებატებზე, რომელიც შესთავაზა მათ შორის ნიკა გვარამიას ანი წითლიძემ, თუმცა იქითა მხრიდან მივიღეთ უარი. შესაბამისად, ეს თემა დავხურეთ, გასაგებია ყველაფერი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.