ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ 2 თვეა, ბრალად რა მედება, სასამართლოს ვეკითხები, რამე მოქმედება მედება ბრალად?, - ამის შესახებ " ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში მისვლისას სურს, რომ სამართლის იმედი ჰქონდეს.

"ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ 2 თვეა, ბრალად რა მედება, სასამართლოს ვეკითხები, რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად, საჯარო, საეთერო განცხადებები, რომ საჯარო მოხელე კანონს ემსახუროს, თუკი, ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გსმენიათ ლოზუნგი: „ცეცხლი ოლიგარქიას“ - ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცხლით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი: „სისტემა უნდა დაინგრეს“ - თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი. 

მე ნაწამები ვარ, გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. არასდროს დავუკავებივარ ვინმეს, რომ ვინმეზე ვიძალადე, ადმინისტრაციულადაც კი არ ვარ დაკავებული არასდროს. მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. მე ადამიანი არ ვარ? ჩემი წამების საქმეში ვინც მიიღო მონაწილეობა, „ხარებაა“ თუ ვინცაა, ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემს შვილებს, 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ.

სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდათ, აპროტესტებენ და ციხეში არიან გამოკეტილი. მინდა სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო. სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი რომ მოდის, ელოდება აიყვანენ და ჩამოახრჩობენ. როცა აქ მოვდივარ, მინდა 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი “, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

მოსამართლე ნანა შამათავამ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.