მოდის 28 ნოემბერი და ხალხის პასუხი კობახიძის და მთლიანად დე ფაქტო ხელისუფლების საქციელზე უნდა იყოს ძალიან მკვეთრი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობა განაპირობა ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში დარღვეულმა წესწყობილებამ.

"შიმშილობა განაპირობა არა იმდენად კობახიძის ერთი წლის წინანდელმა განცხადებამ და 78-ე მუხლის უარყოფამ, არამედ იმ პოლიტიკურმა მეთოდებმა, რომელიც ამას წინ უძღოდა. 

ირაკლი კობახიძის განცხადება არაკონსტიტუციური იყო და ერთი წლის მანძილზე წესწყობილება ქვეყანაში დარღვეულია, მაგრამ ამას შიმშილობით ნამდვილად არ ვუპასუხებდი, რომ არა ტერორი, პოლიტიკური პატიმრები და იზოლაცია.

მოდის 28 ნოემბერი და ხალხის პასუხი კობახიძის და მთლიანად დე ფაქტო ხელისუფლების საქციელზე უნდა იყოს ძალიან მკვეთრი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტთან 30- ე დღეა, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.