მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეურიგდნენ ამ გამაოგნებელ უსამართლობას, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.

"დღეს ივანიშვილის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს თავისუფლების 4.5 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.

საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი.

ამ და სხვა საქმეებში აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია იყენებს ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეურიგდნენ ამ გამაოგნებელ უსამართლობას. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ჩვენი სამშობლოს მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.