"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიშით პარლამენტში გამოსვლას სავარაუდოდ, არ დაესწრება.

"ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე დაესწრება, მე ალბათ, არ დავესწრები ამ სხდომას, რადგან დროც არ მაქვს და არც გამოსვლის უფლება. ისეთი წესები გააკეთეს, რომ გამოსვლის უფლება არ მექნება და მოსმენით ისედაც მოვუსმენთ ტელევიზიითაც. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა. 19 აპრილის შეთანხმების გარანტორი იყო ეს ადამიანი და მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც მთავარი საკითხი იყო ამ შეთანხმებაში, დღემდე არაფერი გააკეთა, ამდენი ხანია, მთელი ევროპა, მთელი საქართველო ითხოვს, რომ მან შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და არ იყენებს. მოსასმენი ნამდვილად არ მაქვს კიდევ ერთხელ შეგონებების თვალსაზრისით. ნდობა არ მაქვს და ვფიქრობ, სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები ხვალ.

პატივისცემას დავაფიქსირებ, როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის შემდეგ პატივს ვცემ, დანარჩენი ყველა არის ცრუ ილუზია, რომელსაც საზოგადოებას სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი უქმნის. არ მჯერა, რომ ის არის დღეს დამოუკიდებელი, დამოუკიდებლობას დავიჯერებ მაშინ, როცა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს და არა იმ შემთხვევაში, როცა ზოგადად გამოდის და შეგონებებს ახდენს.

პრეზიდენტის ინსტიტუცია არსებობს იმისთვის, რომ, როცა არის ნაბიჯები გადასადგმელი, მინიმალური უფლებამოსილებებით მაინც, ეს ნაბიჯი გადადგას. მაგალითად, შეიწყალოს გვარამია, სააკაშვილი, შემოგვთავაზოს ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ექნება მხარდაჭერა და არა ის, რომ სიტყვით ერთს ამბობდე, საქმით მეორეს აკეთებდე. როგორც კი დავინახავ ამას, ამის შემდეგ შეიძლება, ნდობა ჩამოყალიბდეს. სხვა შემთხვევაში, მე არ ვენდობი, რადგან 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორი იყო ეს ადამიანი, რომელმაც იმის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია, არაფერი გააკეთა. მათ შორის, პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ-ერთი საკითხი და ყველა ამის შემდგომი პოლიტიკური მართლმსაჯულების დროს, მას შეწყალების  მექანიზმი უნდა გამოეყენებინა ყოველგვარი საზოგადოების თხოვნის გარეშე. დღემდე ამას წელავს. ცრუ ილუზიებს მოვეშვათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.