ეს კანონი იქნება გამოყენებული რეპრესიულად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, ეს კანონი და მისი მოქმედება შეაჩეროს, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონის მიზანი რეპრესიებია.

"ცალსახაა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს "ქართულ ოცნებას", რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და არა მარტო ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირები შეზღუდონ სხვადასხვა ფორმით და ამ კანონის მიღებაც ამ მიზანს ემსახურება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ნორმალური განმარტების პირობებში ვთვლით, რომ ეს კანონი ჩვენზე არ ვრცელდება და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ მათი რიტორიკა და მისი ბუნდოვანი შინაარსი აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი იქნება გამოყენებული რეპრესიულად. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, ეს კანონი და მისი მოქმედება შეაჩეროს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 

"უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" 31 მაისიდან ამოქმედდება, რომლის აღმასრულებელიც ანტიკორუფციული ბიურო იქნება. რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, "ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს".