დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს მოთმინების ფიალა აევსოთ. ბრიტანეთში უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთი აფრთხილებს ივანიშვილს და ეს არის ბოლო გაფრთხილება.

"დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს მოთმინების ფიალა აევსოთ. ბრიტანეთში უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება, იქ არ არის ისეთი პრორუსული ძალები, როგორიც არის სლოვაკი ფიცოსა და უნგრელი ორბანის სახით, სადაც ივანიშვილისადმი სანქციების დაწესება გართულებულია.

ბრიტანეთი აფრთხილებს ივანიშვილს და ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ძალიან ძვირად დაუჯდება ის თავგასულობა და ქვეყნის ღალატი, რომელსაც ჩადის "ქართული ოცნება". მას აუცილებლად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები და რას ნიშნავს ბრიტანეთის სანქციები, ამას ძალიან კარგად მიხვდებიან, როდესაც სანქციებს დაუწესებენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.