სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი წერს.

"მილიონობით ისრაელელმა მთელი ღამე თავშესაფრებში გაატარა თეირანის რეჟიმის მიერ მასიურად გაშვებული რაკეტების გამო, რაც ახლაც გრძელდება. სამწუხაროდ, ამ იერიშს, რომელიც განზრახ იყო მიმართული ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობაზე, მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები.

ისრაელმა იმოქმედა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სამხედრო პირებზე, რომლებიც ამ სახიფათო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ოპერაციას წინ უძღოდა ბოლო თვეების შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც ასახულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშშიც და ირანის ბირთვული პროგრესის დაჩქარებაზე მიანიშნებს.

თეირანის რეჟიმი არც სიტყვებით და არც მოქმედებით არ მალავს თავის მიზანს – ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ქვეყნებს.

სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის.

გულწრფელად ვუხდით მადლობას მათ, ვინც გვიდგას გვერდში და აღიარებს, რომ ისრაელს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, დაიცვას თავი მუდმივი და რეალური საფრთხისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაცვას", - წერს ელჩი.

13 ივნისის ღამეს, ისრაელის ავიაციამ ირანში სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს, მათ შორის ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების უდიდეს ობიექტს. მედიის ცნობით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის რვა თვის განმავლობაში ემზადებოდა. ის 14 დღის განმავლობაში იგეგმებოდა. ირანში ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს სულ მცირე 20 მაღალი რანგის ირანელი მეთაური დაიღუპა. ასევე, ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაესხნენ თავს.

საპასუხოდ ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რამდენიმე ქალაქს სერიოზული ზიანი მიადგა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.