ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთლიანად საქართველოს ხელშია. ევროკავშირის კარი კვლავაც ღია რჩება, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, დაუბრუნდეს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნაბიჯებია გაწერილი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

"ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული უფლება და არჩევანია. წევრობაზე განაცხადის შეტანით თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რეფორმები თავის ინსტიტუტებსა და სამართლებრივ სისტემაში, იმის შესაბამისად, რომ ისინი თანდათანობით შესაბამისობაში მოიყვანენ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან. ასევე, თითოეული ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს ყოველდღიურად. 

ყველა კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 2023 წლიდან ფასდება ევროკომისიის ყოველწლიურ დოკუმენტში გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი, რომელიც შედგება 10 კანდიდატი ქვეყნის ანგარიშიდან, მათ შორის საქართველოს, ეს-ესაა გამოქვეყნდა ბრიუსელში. ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას იმისა, თუ რამდენად წინ წავიდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დროს აღებული ვალდებულებების შესრულებაში. 

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ ვამზადებთ ანგარიშს საქართველოზე, როდესაც გაფართოების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია და როდესაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ არ არიან დაინტერესებული დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითქმის 4 წლის განმავლობაში.

მიზეზი ნათელია - გაფართოება ტრანსფორმაციული პროცესია, რომელიც მიღწევებზეა დამოკიდებული. ანგარიში, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება, ეს არის შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა ეტაპზეა ევროკავშირის გზაზე. 

ევროკავშირის კარები საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის, სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

საქართველო ევროკავშირის წევრობისგან იმაზე შორსაა, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლებში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა და ვციტირებ ჩემამდე ვინც ისაუბრეს მათ სიტყვებს - "ბოლო 12 თვეში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები, ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევად იქნა გამოყენებული, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიაგარემოს ზიანი მიაყენეს. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და  მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გამოთხრა იყო.  

წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, პარტიების აკრძალვებთან ერთად ეს ევროკავშირის დემოკრატიულ პრინციპზე თავდასხმას წარმოადგენს.

დღევანდელ ანგარიშში ასევე დეტალურადაა აღწერილი, რომ საქართველოს წინსვლა ევროკავშირის სტანდარტების სპეციფიკურ ნაწილთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შენელდა. საქართველო ამაყობდა ასოცირების შესახებ შეთანხმების  განხორციელების ნაწილში ლიდერობით, სამწუხაროდ, ახლა ეს ასე აღარ არის.

ევროკავშირში გაწევრიანება არის და იქნება გარდამქმნელი პროცესი, რომელიც თითოეული ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მე ვიწვევ ყველას, რომ გაეცნოს ამ ანგარიშს. 

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმებისა და გაწევრიანების პროცესში წინ წაიწიეს. როგორც კაია კალასის და მარტა კოსისგან მოვისმინეთ, დღეს ევროკომისია არ მიიჩნევს საქართველოს რეალისტურ კანდიდატ ქვეყნად და ის არის მხოლოდ ფურცელზე და მხოლოდ კანდიდატის სახელიღა შერჩა. ამავდროულად, მსურს, მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის კარი კვლავაც ღია რჩება, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, დაუბრუნდეს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

ანგარიშში გაწერილია ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. საქართველომ უნდა აჩვენოს მტკიცე სურვილი, უკან დაიწიოს უკუსვლამ და წინსვლა გამოავლინოს 9 ნაბიჯთან მიმართებაში. 

30 წელია, ჭირსა და ლხინში ვუდგავართ საქართველოს გვერდით. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვჯერა საქართველოსი, როგორც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ხალხისთვის მიცემულ პირობას. ამ ანგარიშში მოცემული დასკვნები საბოლოო წერტილად არ უნდა აღიქმებოდეს, არამედ მოწოდებად ქმედებისა და ვალდებულებების ხელახლა აღებისკენ. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთლიანად საქართველოს ხელშია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს.