სრულიად უკანონოდ ვყავდი დატყვევებული, 15-დან 20 კაცამდე მირტყამდა, უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, შედარებაც არ შეიძლება ჩემი ამბის იმ უბედურებასთან, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. 

რეალურად, უცებ რაღაც შელაპარაკება იყო კარებთან, მათეს განაჩენი ცხადდებოდა. მთელი დღე მანდატურები იქცეოდნენ ზონდერებივით, ამათ ხომ უფლება მისცეს, რომ დაკავდნენ განუკითხაობით და ყველაფერი იკადრონ. პატარა კაცებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს ყოფილიყვნენ აგრესიულები. 15-მა კაცმა ერთად დამიჭირა, შემიყვანეს იმ გასასვლელში, საიდანაც მოსამართლეები გადიან და იქ მირტყეს.

მანდატურის სამსახურის საქმე არის, რომ სასამართლოს დარბაზში დაიცვან წესრიგი, დღეს გადაწყვიტეს, რომ ჩემი ანგარიშსწორების წამი ჰქონდათ. 15-დან 20 კაცამდე მირტყამდა, უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ, მერე ჩამიყვანეს ქვემოთ, ცოტა ხანი გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩავეკეტე საკანში, მერე იქ ვუთხარი, რომ უკიდურეს უკანონობას აკეთებდნენ და მიხვდნენ, შეეშინდათ, არ დავუთმე მთელი ამ ხნის განმავლობაში და საკნიდან გამომიყვანეს.

სრულიად უკანონოდ ვყავდი დატყვევებული, ამას დატყვევება ჰქვია. წაიღეს ჩემი ნივთები და მერე პოლიციელები რომ მოვიდნენ, გასაკვირად ცივილიზებულად იყვნენ. ხელწერილით გამათავისუფლეს. რომ ჩამათრიეს ომახიანად ყვიროდნენ და მერე სათითაოდ რომ დავტოვე ქვემოთ და დაველაპარაკე, ცახცახებდნენ", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის წინ დააკავეს.