"ქართულ ოცნებას", ივანიშვილს დარჩა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან უსიტყვო მორჩილებაში, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის საფრთხეა წარმატებული ქართველი, რომელიც მისი მონა არ არის.

"პოლოლიკაშვილის ამბავი "ქართული ოცნების" მმართველობის ფილოსოფიას ამხელს. რა ქნა ივანიშვილმა - ადამიანი, რომელიც არ ექვემდებარებოდა პარტიულ დიქტატს, ჩამოაშორეს უმაღლეს თანამდებობას და მხარი დაუჭირეს არაბს. მე ასე დავინახე ეს პროცესი. წარმატებული ქართველი, რომელსაც ვერ აკონტროლებს და რომელიც მისი მონა არ არის, ივანიშვილისთვის არის საფრთხე. მას არ უხარია საქართველოს წარმატება, წარმატებული ქართველი. მხოლოდ მონა, რომელიც მას ემსახურება, ესაა მისთვის მისაღები. 

რეჟიმი და ავტოკრატია რაც უფრო ფორმდება, უფრო დაბალი მორალის ადამიანები რჩებიან შიგნით, ეს არის ფაქტი. გადავხედოთ, ვინ იყო "ქართულ ოცნებაში" თავიდან და ახლა ვინ არიან. "ქართულ ოცნებას", ივანიშვილს დარჩა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან უსიტყვო მორჩილებაში", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.