მათე დევიძე დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ჩვენი ღირსების ერთი სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან, მათე დევიძისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს სასამართლო.

"დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციის ქანდაკება - სამივეს შეურაცხყოფა არის. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ, მაგრამ რეალურად, ეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას, თითოეული ადამიანის, რომელიც აქ არ დგას, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ხვალ, ზეგ ყველა გადაიხდის ამის ფასს, ის ადამიანები სწორედ, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომელიც იქ სხედან დარბაზში და არ ვიცი, რას  ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ.

მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს - ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ჩვენი ღირსების ერთი სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები! მონები არიან. ეს არ არის სასამართლო, იმედი მაქვს, ეს საქმე სხვა საფეხურებზე წავა და სტრასბურგშიც განიხილება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია. 

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.