ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში, შეუძლებელია დადებით სიგნალს ველოდოთ ევროპიდან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, როდესაც მოლაპარაკებები გსურს და დიალოგი, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს.

"როდესაც მოლაპარაკებები გსურს და დიალოგი, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟთან არა მხოლოდ ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზაზე. ყველაფერი სამწუხაროდ, იქნება უარყოფითი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. 

ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში, შეუძლებელია დადებით სიგნალს ველოდოთ ევროპიდან, ეს ასევე განპირობებული იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ივანიშვილის ბოლო ქმედებებით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებულია, სავარაუდოდ, სანქციების გამო ბრიუსელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით".