ვამზადებთ მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. არ ველით, რომ ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში რაიმე სამართლებრივი შედეგი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლისზე დაკავება იყო უკანონოდ დაგეგმილი კრიმინალური ოპერაცია.

"არა თუ სხდომა არ ჩანიშნულა, 48 საათზე მეტი გავიდა და დაცვის მხარეს, მიუხედავად ჩვენი წერილობითი მოთხოვნისა, არ გადმოგვცემია არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, არც დოკუმენტური მტკიცებულებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გვცემენ პასუხს. თუკი ნიკა მელიას მხრიდან ჰქონდა პროვოცირებას ადგილი, თუკი იგი პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, სად არის ვიდეოჩანაწერები, რატომ არ არის ეს დღემდე გასაჯაროებული, როცა ეს პოლიციის ვალდებულებაა.

ეს იყო უკანონოდ დაგეგმილი კრიმინალური ოპერაცია, რომელიც გულისხმობდა ნიკას უკანონო დაკავებას და ამიტომაც მოგლიჯეს მანქანებიდან ვიდეოჩამწერი აპარატურა. 

ვამზადებთ მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. არ ველით, რომ ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში რაიმე სამართლებრივი შედეგი შეიძლება იყოს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის მიმდებარედ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, 29 მაისს დააკავეს.