ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არცერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ბაჩო ახალაია სარგებლობდა რომელიმე ტექნიკური აპარატით და მას კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდა, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ფიქრობს, რომ სასამართლო ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

“არასდროს მქონია და არც არავისგან გამიგია, რომ საქმე ვარაუდის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებდეს, როგორც ჩანს რაიმე სახის ინტერესი იყო და აქედან გამომდინარე მოხდა ბრალის წარდგენა. 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არცერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ბაჩო ახალია სარგებლობდა რომელიმე ტექნიკური აპარატით და მას კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდა, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის. ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. ვარაუდის საფუძველზე აქვს ბრალდება წარდგენილი და ვფიქრობთ, რომ სასამართლო ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს“, - განაცხადა გია გოროზიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.