შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული დ.ჯ., ასევე, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ი.ვ. და 1995 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.

დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ დ.ჯ. თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს. დ.ჯ.- ს ჩხრეკისას მისმა თანმხლებმა პირმა ი.ვ.- მ პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებით და მჭიდით, რომელსაც დ.ჯ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულმა ლ.დ. -მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.