შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული პ.ყ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას,  ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ასევე, ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია, 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მიერ ჯამში ამოღებულია 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260 ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.