კადრებში რეალურად კარგად ჩანს, რომ თვითონ ეს ადამიანები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები. თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან არ ხდება არანაირი არც მუქარა და არც რაიმე სახის ანგარიშსწორება, - ამის შესახებ დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლექსო სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას დაპირისპირების ეს კადრები ჰქონდა და არ გაასაჯაროვა.

"აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარეზე ადრე ჰქონდა ბრალდების მხარეს. რატომ არ გაასაჯაროვა ეს კადრები იმ კადრებთან ერთად, სადაც თითქოსდა თამაზ ელიზბარაშვილი ბრუნდება და ვინმეს ემუქრება, ეს უკვე მას უნდა ვკითხოთ, თუმცა ჩემი ვარაუდი ის არის, პროკურატურას არ სურდა, საზოგადოებას გაეგო, რა მოხდა რეალურად, ვინ წამოიწყო რეალურად კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ კონფლიქტში, ასევე მათი ვინაობა - ე.წ. დაზარალებულების. ე.წ. ვხმარობ იმიტომ, რომ კადრებში რეალურად კარგად ჩანს, რომ თვითონ ეს ადამიანები არიან კონფლიქტის გამომწვევები და  აგრესიის ინიციატორები. თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან არ ხდება არანაირი არც მუქარა და არც რაიმე სახის ანგარიშსწორება. ეს არის პირველადი კონფლიქტი ნულ სართულზე. კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ე.წ. დაზარალებულს მისივე მეგობრები, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აგრესია არ იყო თამაზ ელიზბარაშვილსიგან“, - განაცხადა ლექსო სიმონიშვილმა.

თამაზ ელიზბარაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მუქარის ბრალდება წარუდგინეს.