აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები კვლავ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სასამართლო სხდომას ესწრებიან დაკავებულებიც.