საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

"საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - აცხადებენ პროკურატურაში.

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აცხადებს, რომ "მოქმედი მთავრობის წევრი" მის მკვლელობას გეგმავდა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას, ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ.

1 წლის განმავლობაში აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ მას, ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. აი, ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, თავისი დაცვასთან ერთად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ყველანაირი პროვოკაცია და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები.

დღეს ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას.

მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება", - განაცხადა ეპისკოპოსმა.