"როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ", - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა.

"ეს, რაც ხვალ მოხდება, ჩვენი არჩევანი არ იყო. არტისტისთვის არ თამაში რამდენად ძნელია, ამას ვერ აგიხსნით. როდესაც ანდრო დაიჭირეს, პირველად თამაში შევწყვიტეთ. ეს იყო პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და ეს ბიჭი არ შეიძლება, რომ იყოს დაკავებული. ზუსტად ვიცით, რომ ის უდანაშაულოა. შემდეგ, ვეცადეთ, ხმა მიგვეწვდინა პროკურატურისთვის.

ჩავწერეთ ვიდეოები, მივმართეთ მათ, მაგრამ ამაზეც არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. შემდეგ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, 2-ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა ესეც არ გაითვალისწინეს. სასამართლომდე ამ ბიჭების გამოშვებას ვითხოვდით, მაგრამ პროკურატურა ისევ დუმს და ხმა არ იღებს.

ჩვენი ვიდეო დაიდო და გავაკეთეთ განცხადება, რომ ხვალ ჩვენი საპროტესტო მანიფესტი იქნება. 18:00 საათზე ყველას გელოდებით, ვისთვისაც თავისუფლება, ანდრო, ამ ქვეყნის ბედია მნიშვნელოვანი.

იმედი ბოლოს კვდება, თუმცა ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველაფერი ჩააქრეს, მათ შორის, იმედიც. როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, ამის მომსწრენი გახდებით ხვალ, 18:00 საათზე, ახალი თეატრის წინ", - განაცხადა დავით დოიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.