აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს ახალი გადასახადებით, ტარიფებით და სანქციებით დაემუქრა, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დასრულდება.

ტრამპმა მოუწოდა პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს აგრესია.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და მის მოკავშირეებს „გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების მაღალი დონით“, თუ ის უკრაინაში შეჭრას არ შეწყვეტს.

"მე არ მინდა, ზიანი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, მიუხედავად იმისა, რას საუბრობდნენ მემარცხენე რადიკალები რუსეთზე. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში, ამ პროცესში დაკარგა თითქმის 60 000 000 სიცოცხლე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვაპირებ რუსეთს, რომლის ეკონომიკა იშლება და პრეზიდენტ პუტინს, ძალიან დიდი სამსახური გავუწიო“, - წერს ტრამპი.

ამავდროულად, ტრამპმა მოუწოდა რუსებს მოლაპარაკებისკენ ახლავე.

"თუ ვერ შევთანხმდებით მალე, მე სხვა გზა არ დამრჩება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებს. მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასოდეს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!

ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით - და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა, "გარიგების". აღარც ერთი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!!!”, – წერს ტრამპი.