აბუ-დაბიში "ქართული ოცნების" დეპუტატებს ვიქტორ სანიკიძეს და ირაკლი ზარქუას და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მომხდარის ამსახველ ვიდეოებს ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუას, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია", - აცხადებს გაბიტაშვილი.

12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ-დაბიში ჩასულ "ქართული ოცნების" დეპუტატებს "გამყიდველები და მოღალატეები" უწოდა.

კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, "ქართული ოცნების" წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.